ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი 2 თვიანი პროგრამით; სტაჟირების პროგრამით.

ავტორიზაცია

კალენდარი


ბეჭდვა
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კრედიტების ათვისების/აღიარების და სტუდენტის შეფასების წესები


1.     წესის გამოყენების სფერო
1.1. წინამდებარე წესები შემუშავებულია პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის“ გათვალისწინებით;
1.2. ეს დოკუმენტი ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული კომპონენტებისათვის კრედიტების განსაზღვრის, პროფესიული სტუდენტის (შემდგომში სტუდენტის) მიერ ამ კრედიტების ათვისების/აღიარების და სტუდენტის შეფასების წესებს;

2. ტერმინების განმარტებები
2.1. კრედიტი - ერთეული, რომელიც გამოხატავს ცალკეული სასწალო კურსით/მოდულით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ასათვისებლად სტუდენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას.
2.2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – პროფესიული განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები;
2.3. სტუდენტი – პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით და დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად;
2.4. სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმების შესახებ;
2.5. სწავლის შედეგები – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის დასრულების შედეგად სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები.

3. ზოგადი დებულებები
3.1. “ცენტრში“ ერთი კრედიტის მოცულობა განისაზღვრება 25 აკადემიურიი საათით;
3.2. სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (დატვირთვა) მოიცავს:
• ლექციაზე დასწრებას/სამუშაო ჯგუფში მუშაობას;
• დამოუკიდებელ მეცადინეობას;
• შუალედური და დასკვნითი გამოცდების ჩაბარებას.
3.3. პრაქტიკის კომპონენტი მოიცავს:
• პრაქტიკულ მეცადინეობას


• საწარმოო პრაქტიკას
• გამოცდის ჩაბარებას;
3.4. სტუდენტის სასწავლო დატვირთვის კომონენტები განისაზღვრება სილაბუსით;
3.5. სტუდენტის სასწავლო დატვირთვა შეადგენს 60 კრედიტს.



4. სასწავლო დისციპლინისათვის გამოყოფილი კრედიტების ჩათვლის წესი
4.1. სასწავლო დისციპლინისათვის გამოყოფილი კრედიტების ჩათვლა შესაძლებელია საბოლოო შეფასებისას დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში;
4.2. კრედიტის ჩათვლა შესაძლებელია სტუდენტის მიერ სხვა ავტორიზებული პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის ფარგლებში ათვისებული კრედიტების დადგენილი წესით „ცენტრის“ მიერ აღიარების გზით;

5. საკონტაქტო საათებზე სავალდებულო დასწრება
5.1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ საკონტაქტო საათებზე და პრაქტიკებზე დასწრება სავალდებულოა.
5.2. სტუდენტი, რომელიც მიუხედავად მიზეზისა, გააცდენს კონკრეტულ კომპონენტში საკონტაქტო საათების 20% ან მეტს, ავტომატურად შეუჩერდება რეგისტრაცია შესაბამის კომპონენტზე და ვალდებულია ის გაიაროს თავიდან.

6. საკვალიფიკაციო გამოცდა
6.1. საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ სტუდენტები, რომელთაც აითვისეს მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები;
6.2. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით;
6.3. საკვალიფიკაციო გამოცდა შესაძლებელია შედგებოდეს ტესტებისაგან, წერითი სამუშაოსაგან, პრაქტიკული უნარების დემონსტრირებისაგან ან მათი კომბინაციისაგან.
6.4.   საგამოცდო პროგრამა შესაბამისი პროპორციით უნდა მოიცავდეს საკითხებს სპეციალობის ყველა დისციპლინიდან.

7. დამატებითი გამოცდების ორგანიზება


7.1. სტუდენტი, რომელსაც ჩასაბარებელი აქვს საბოლოო გამოცდა ხელმეორედ, განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციას, სადაც მიუთითებს თუ რომელ საგანში სურს ჩაბარება. . განცხადებების საფუძველზე, საგამოცდო კომისია ადგენს საგამოცდო მასალებს;
7.2. განაცხადების რეგისტრაცია უნდა დასრულდეს საგამოცდო სესიის დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე;

8. შეფასების სისტემა
8.1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება ხდება მრავალკომპონენტიანი სისტემით და დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება.
8.2. სტუდენტის შეფასება თეორიულ კომპონენტში ითვალისწინებს: ა) შუალედურ შეფასებებს, რაც შეიძლება მოიცავდეს; - ლექციაზე დასწრებას/სამუშაო ჯგუფში მუშაობის შეფასებას; დამოუკიდებელი მეცადინეობის შეფასებას; შუალედური გამოცდის შეფასებას. ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.


8.3. სტუდენტის შეფასება პრაქტიკის კომპონენტში ითვალისწინებს:
ა) პრაქტიკული მეცადინეობის შეფასებებს, რაც შეიძლება მოიცავდეს პრაქტიკის კომპონენტში ასათვისებელი კომპეტენციების: სტუდენტის ცოდნის, პრაქტიკული უნარების და ღირებულებების ადეკვატური შეფასების მეთოდებს, პრაქტიკის მიზნების შესაბამისად;
ბ) გამოცდის შეფასებას, რაც საწარმოო პრაქტიკის შემთხვევაში წარმოადგენს პრაქტიკის დღიურის და ანგარიშის დაცვას, ხოლო სასწავლო პრაქტიკის შემთხვევაში- გამოცდის ჩაბარებას პრაქტიკული დავალებების სახით.
8.4. იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პრაქტიკა ინტეგრირებულია რომელიმე სასწავლო კურსში, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების შუალედური შეფასებები ხორციელდება ცალ-ცალკე, ხოლო დასკვნითი გამოცდა ტარდება ერთად, ორივე კომპონენტისათვის მისაღები, ადეკვატური, კომბინირებული ფორმით.
8.5. საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ კომპონენტში (სასწავლო კურსი/პრაქტიკა და სხვა) 100 ქულა წარმოადგენს სტუდენტის მაქსიმალურ საბოლოო შეფასებას.
8.6. შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების სისტემა გაწერილია საგნის სილაბუსში.
8.7. სტუდენტთა რანჟირება (შეფასება) მათი მიღწევების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი სქემის მიხედვით:
დადებითი შეფასებები:
• (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების– 91% და მეტი;
• (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
• (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
• (D) დამაკმაყოფილებელი -მაქსიმალური შეფასების 61-70%;
• (E) საკმარისი – -მაქსიმალური შეფასების 51-60 %;
უარყოფითი შეფასებები:
• (Fx) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%;
• (F) ჩაიჭრა -მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;
(Fx) უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტებს აქვთ უფლება დამატებით, დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ, შეფასების მიღებიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა ხელახლა გავიდნენ საბოლოო გამოცდაზე.
(F) უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტები ვალდებულნი არიან სასწავლო კურსი ხელახლა გაიარონ.
8.8. ყველა უარყოფითად შეფასებული სტუდენტი იყოფა ორ ჯგუფად. ა). სტუდენტი, რომელსაც გამოცდის ჩასაბარებლად დამატებით ესაჭიროება მუშაობა და არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სტუდენტი დამატებითი გამოცდისათვის დადგენილ ვადაში დამოუკიდებლად შეძლებს ხარვეზების გამოსწორებას, და დააგროვებს ქულებს 41-დან 50-ის ჩათვლით, შეფასდება Fx-ით.
ბ). სტუდენტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ვადაში სავარაუდოდ ვერ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას, ესაჭიროება მნიშვნელოვანი სამუშაოს ჩატარება და დააგროვებს 41 ქულაზე ნაკლებს, შეფასდება F-ით.
8.9. სტუდენტს, რომელიც მიიღებს შეფასებას Fx ან არ გამოცხადდება საბოლოო გამოცდაზე, დაენიშნება საბოლოო გამოცდის ჩაბარების დამატებითი ვადა, თუმცა არაუადრეს ძირითადი გამოცდის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღისა.
8.10. განმეორებითი საბოლოო გამოცდა შეიძლება დაინიშნოს ერთხელ. ამ გამოცდის შედეგებისას შეფასება Fx არ იწერება.
8.11. სტუდენტისათვის, რომელიც მიიღებს შეფასებას F, სავალდებულოა სასწავლო კურსის თავიდან გავლა.
8.12. სტუდენტის შეფასება ფორმდება უწყისით

9. შეფასების საერთო შედეგების ინტერპრეტაცია
თუ საბოლოო შედეგი ჯგუფის უმეტესობაში უარყოფითია, ან დადებითია (საუკეთესო) და ქულები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, უნდა გადაიხედოს სილაბუსის სტრუქტურა, შინაარსი, სწავლების მეთოდიკა და სხვა შემადგენელები.

10. საწარმოო პრაქტიკა (სტაჟირება)


საწარმოო პრაქტიკის გავლა მოეთხოვება ყველა პროფესიულ სტუდენტს. პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ საწარმოო პრაქტიკის გავლის ადგილი, კერძოდ:

1. ბუღალტერთა მომზადების ცენტრს გაფორმებული აქვს წერილობითი შეთანხმება 8 საწარმოსთან, რომლებიც მიიღებენ კოლეჯის სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკაზე (წერილების ასლები თან ერთვის);

2. საწარმოო პრაქტიკას უტოლდება პროფესიული სტუდენტის მიერ მოდელირებული საწარმოო პრაქტიკის გავლა. მოდელირებული პრაქტიკის კურსი (ვირტუალური საწარმოს მაგალითზე) ითვალისწინებს ბუღალტერთა დახელოვნებას საქმიანი თამაშების სპეციალური პროგრამით. პროგრამა და შესაბამისი მასალა შექმნილია შპს „ბუღალტერთა მომზადების ცენტრის“ მიერ და ამ პროგრამით 2009 წლიდან   ხორციელდება ბუღალტერთა სტაჟირება. აღნიშნული პროგრამით საწარმოო პრაქტიკის გავლა შესაძლებელიას ქ. თბილისში, ვანის ქ. 4 (საწარმოო პრაქტიკის მასალა თან ერთვის);

3. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დამოუკიდებლად შეარჩიონ საწარმოო პრაქტიკის გავლის ობიექტი (საწარმო). ასეთ შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საწარმოო პრაქტიკის გავლის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი და საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ გაცემული რეკომენდაცია/დახასიათება.



11. შეფასებისას გამოყენებული დოკუმენტაციის შენახვა
11.1. სტუდენტის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასებისას გამოყენებული დოკუმენტაცია ინახება სტუდენტის სწავლის მთელი პერიოდისათვის.
11.2. დოკუმენტები აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება საქმის წარმოების ერთიანი წესების შესაბამისად.